გლობალური პანდემიის ფონზე მსოფლიო მოსახლეობა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. პირბადე, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარი, თუ სხვა ჰიგიენური საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ვებ-დიზაინერის ტატო მახაშვილის მიერ წამოწყებული სტარტაპი Higiena.ge, რომელიც ქართულ ბაზარზე აპრილის ბოლოს გამოჩნდა, სულ რაღაც 200 ლარის საინვესტიციო ბიუჯეტს მოიცავს. მიზანი კი ჰიგიენური საშუალებების ერთ ადგილას თავმოყრაა.

როგორც Higiena.ge-ს დამფუძნებელმა ტატო მახაშვილმა განაცხადა, ვებ-გვერდის მეშვეობით, შეღავათიან ფასად ყველა ჰიგიენური საშუალებების შეძენა მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია.

„პანდემიის დროს ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა ჰიგიენური საშუალების შეძენა და სახლში მიტანა იქნებოდა შესაძლებელი – არ არსებობდა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა. ყველაფერი დაიწყო ვებ-გვერდის შექმნით, რასაც ჩვენი მხრიდან პროდუქციის შეძენა, შემდეგ კი გაყიდვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კარანტინის პერიოდში, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა ჩვენ 3 სამუშაო ადგილი შევქმენით.

გარდა ამისა, სპეციალურად ჩვენი სტარტაპისთვის შეიქმნა საკურიერო მომსახურების კომპანია, სადაც 5 ადამიანი დასაქმდა. ამით იმის თქმა გვსურს, რომ არ არსებობს ბარიერები და თუნდაც ჩემი პროფესიის ხალხს, რომლებიც ვებ-დიზაინის შექმნაზე მუშაობენ, მსგავს სიტუაციებშიც შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება“, – განმარტავს ტატო მახაშვილი.

ხელმისაწვდომი ფასები და ქართული წარმოების პროდუქცია Higiena.ge-ს მთავარი სავიზიტო ბარათია, რისი მეშვეობითაც, დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.

„ჩვენთან ფასები დაბალანსებულია. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ წარმოებას შევუწყოთ ხელი და ყველა არსებული ქართული ჰიგიენური პროდუქცია განვათავსოთ ჩვენს პლათფორმაზე.  აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მთავარი პროდუქციის ხელმისაწვდომობაა და არა 1 პროდუქტის გაყიდვით მიღებული თანხა“, – აღნიშნავს ტატო მახაშვილი.

 

წყარო: commersant.ge